მთავარ კონტენტზე გადასვლა

ინგრედიენტები · 14.10.2026 · 7 წთ

კოფეინი თმისთვის: რას ამბობს მეცნიერება

მართლა მოქმედებს კოფეინი თმის ცვენაზე? გიყვებით, რას აჩვენებს კვლევები, აღწევს თუ არა ის შამპუნიდან ფესვამდე და რეალურად რა შედეგს უნდა ელოდოთ.

კოფეინი თმისთვის: რას ამბობს მეცნიერება
Photography · MEKISE Studio

კოფეინი თმისთვის: მართლა მუშაობს?

თუ თანამედროვე შამპუნების შემადგენლობას ხშირად აკვირდები, ალბათ კოფეინიც არაერთხელ შეგინიშნავს. მისი პოპულარობა მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტენდენციას არ უკავშირდება: თმაზე კოფეინის მოქმედებას მეცნიერები თითქმის ოცი წელია იკვლევენ.

მაგრამ რამდენად სასარგებლოა კოფეინი თმისთვის და რას უნდა ველოდოთ კოფეინის შამპუნისგან? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ გავარკვიოთ, რატომ ცვივა მამაკაცს თმა, როგორ მოქმედებს კოფეინი და რამდენად დასტურდება მისი ეფექტი ადამიანებში ჩატარებული კვლევებით. გამოყენებული წყაროები იხილეთ სტატიის ბოლოს.

თმის ცვენა მამაკაცებში: საიდან იწყება

მამაკაცებში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა, რომელსაც ხშირად მემკვიდრეობით გამელოტებას ვუწოდებთ. ასაკთან ერთად ის სულ უფრო ხშირია: 70 წელს გადაცილებულ ევროპელ მამაკაცებში მისი გავრცელება 80%-მდე აღწევს.

ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ჰორმონები ასრულებენ. ორგანიზმში ტესტოსტერონის ნაწილი უფრო აქტიურ ფორმად — დიჰიდროტესტოსტერონად (DHT) — გარდაიქმნება. ზოგიერთ მამაკაცს თმის ფოლიკულები ამ ჰორმონის მიმართ გენეტიკურად მგრძნობიარე აქვს. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით შუბლისა და თხემის მიდამოებში, თმის ზრდის ფაზა თანდათან მოკლდება. ყოველი მომდევნო ციკლისას თმა უფრო წვრილი და მოკლე იზრდება, ბოლოს კი იმდენად თხელდება, რომ თითქმის აღარ ჩანს.

მემკვიდრეობითი სიმელოტე, როგორც წესი, წლების განმავლობაში ვითარდება. ამიტომ თმის შეთხელებას ყურადღება ადრეულ ეტაპზევე უნდა მიაქციო, როცა ცვლილება უკვე შესამჩნევია, მაგრამ თმა ჯერ კიდევ იზრდება.

ფოლიკულების ფაზები
ფოლიკულების ფაზები

როგორ მოქმედებს კოფეინი თმის ფოლიკულზე

თმის ზრდაზე კოფეინის მოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა 2007 წელს იენის უნივერსიტეტის დერმატოლოგებმა ჩაატარეს. მათ მემკვიდრეობითი სიმელოტის მქონე მამაკაცების თხემიდან აღებული ფოლიკულები ლაბორატორიაში, სპეციალურ საკვებ არეში მოათავსეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ტესტოსტერონის დამატებისას ფოლიკულებში თმის ზრდა შენელდა. როდესაც მკვლევრებმა ტესტოსტერონთან ერთად კოფეინიც დაამატეს, ძალიან მცირე კონცენტრაციით — 0.001–0.005% — ეს შენელება აღარ შეინიშნებოდა. ცალკე კოფეინის დამატებისას კი თმა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებოდა.

კოფეინის მოქმედებას, სხვა მექანიზმებთან ერთად, ფოსფოდიესთერაზის აქტივობის შემცირებას უკავშირებენ. ეს ფერმენტი უჯრედში cAMP-ის (ციკლური ადენოზინმონოფოსფატი) დაშლაში მონაწილეობს. cAMP კი ნივთიერებათა ცვლისა და ზრდის რეგულირებისთვის საჭირო სიგნალების გადაცემას უზრუნველყოფს. მისი რაოდენობის მატებამ შესაძლოა ფოლიკულში თმის ზრდასთან დაკავშირებული პროცესები გაააქტიუროს.

ეს შედეგები ლაბორატორიაში მიიღეს, ორგანიზმიდან აღებულ ფოლიკულებზე. ისინი კოფეინის შესაძლო მოქმედებას გვიჩვენებს, თუმცა მხოლოდ ამ ექსპერიმენტით ვერ ვიტყვით, რომ კოფეინის შამპუნი თმის ცვენას შეაჩერებს. ამის გასარკვევად საჭიროა ვიცოდეთ, აღწევს თუ არა კოფეინი ფოლიკულამდე და რა შედეგს იძლევა მისი გამოყენება ადამიანებში.

კოფეინის შამპუნი: აღწევს თუ არა კოფეინი თმის ფოლიკულამდე?

შამპუნს თავის კანზე ცოტა ხნით ვიჩერებთ და შემდეგ ვიბანთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ასწრებს თუ არა ამ დროში კოფეინი კანში შეღწევას?

ბერლინის შარიტეს კლინიკის მკვლევრებმა სწორედ ეს შეამოწმეს. მოხალისეებს თავის კანზე კოფეინიანი შამპუნი ორი წუთით წაუსვეს, შემდეგ ჩამობანეს და სისხლში კოფეინის მცირე რაოდენობას სპეციალური, მაღალი მგრძნობელობის მეთოდით ზომავდნენ. კვლევა ისე დაგეგმეს, რომ გაერჩიათ, რა რაოდენობით შეიწოვებოდა კოფეინი ფოლიკულების გავლით და რა რაოდენობით — მათ შორის არსებული კანიდან.

აღმოჩნდა, რომ ორ წუთიანი გამოყენების შემდეგ კოფეინი ორივე გზით შეიწოვებოდა. ფოლიკულების გავლით შეწოვა უფრო სწრაფი იყო და კოფეინიც მეტი რაოდენობით აღწევდა კანში. პირველი 20 წუთის განმავლობაში სწრაფი შეწოვა მხოლოდ ფოლიკულების გზით ხდებოდა.

ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ შამპუნიდან კოფეინის შეწოვა შესაძლებელია. თუმცა კანში შეღწევა თავისთავად ჯერ არ ადასტურებს თმის ზრდაზე ეფექტს.

რას აჩვენებს ადამიანებში ჩატარებული კვლევები

ლაბორატორიული ექსპერიმენტების შემდეგ მთავარი საკითხი ისაა, როგორ იცვლება თმის მდგომარეობა კოფეინის შემცველი საშუალებების გამოყენებისას.

ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევა 2017 წელს ინდოეთში ჩატარდა. მასში მემკვიდრეობითი მელოტობის მქონე 210 მამაკაცი მონაწილეობდა, 18-დან 55 წლამდე ასაკის. ექვსი თვის განმავლობაში ერთი ჯგუფი 0.2%-იან კოფეინის ხსნარს იყენებდა, მეორე კი — 5%-იან მინოქსიდილს, თმის ცვენის სამკურნალო საშუალებას.

მკვლევრები ზრდის ფაზაში მყოფი თმის წილის ცვლილებას აფასებდნენ. კოფეინის ჯგუფში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 10.6%-ით გაუმჯობესდა, მინოქსიდილის ჯგუფში კი — 11.7%-ით. ავტორების შეფასებით, შესწავლილი კოფეინის ხსნარი ამ კონკრეტული მაჩვენებლით მინოქსიდილს არ ჩამოუვარდებოდა.

ამ შედეგის შეფასებისას სამი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. კვლევაში გამოიყენეს კანზე დასატოვებელი ხსნარი, რომელიც შამპუნისგან განსხვავებით მალევე არ ჩამოიბანება. მონაწილეებმაც და მკვლევრებმაც იცოდნენ, ვინ რომელ საშუალებას იყენებდა, რასაც შეფასებაზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ამასთან, კვლევაში შესწავლილი პროდუქტის მწარმოებელიც მონაწილეობდა. ამიტომ ეს შედეგი ვერ ჩაითვლება იმის მტკიცებულებად, რომ ნებისმიერი კოფეინის შამპუნი მინოქსიდილის ტოლფასია.

2025 წელს გამოქვეყნებულმა ორმა სისტემურმა მიმოხილვამ ამ თემაზე ჩატარებული კვლევები შეაჯამა. ორივეში კოფეინის შემცველი საშუალებების გამოყენებას დადებითი შედეგები უკავშირდებოდა და გვერდითი მოვლენები იშვიათი იყო. თუმცა კვლევებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები ჰქონდა. ერთ-ერთ მიმოხილვაში ცხრა კლინიკური კვლევიდან მხოლოდ სამი იძლეოდა საშუალო სანდოობის მტკიცებულებებს. დანარჩენებში მათი სანდოობა დაბალი ან ძალიან დაბალი იყო.

არსებული მონაცემები იმედისმომცემია, თუმცა უფრო სარწმუნო დასკვნებისთვის საჭიროა მეტი მონაწილით ჩატარებული, უკეთ დაგეგმილი კვლევები.

რა შედეგს უნდა ველოდოთ

კოფეინის შამპუნი კოსმეტიკური საშუალებაა. ის შეგიძლია თმის რეგულარულ მოვლაში ჩართო, თუმცა არსებული კვლევები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შამპუნი მემკვიდრეობით თმის ცვენას შეაჩერებს ან უკვე დაკარგულ თმას აღადგენს. თუ თმა გითხელდება, მიზეზის გარკვევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოვლის საშუალების შერჩევა.

სწრაფ ცვლილებას ნუ დაელოდები. თმის ზრდის ციკლი ხანგრძლივია და კვლევებშიც შედეგებს რამდენიმე თვის შემდეგ აფასებდნენ. დაახლოებით სამი თვე შეიძლება პირველი შეფასების დრო იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვადაში შედეგი აუცილებლად გამოჩნდება.

ყავის დალევით კოფეინიანი შამპუნის ეფექტს ვერ ჩაანაცვლებ. აქ განხილული დადებითი შედეგები ძირითადად თავის კანზე წასმულ საშუალებებს ეხება და მათგან ყავის სმის სარგებელზე დასკვნას ვერ გამოვიტანთ.

როდის ჯობს დერმატოლოგთან მისვლა

თმის ცვენას ყოველთვის მემკვიდრეობა არ იწვევს. ზოგჯერ მას სხვა მიზეზი აქვს, რომლის გარკვევაც ექიმის დახმარებით სჯობს. დერმატოლოგს მიმართე, თუ:

  • თმა მოულოდნელად და დიდი რაოდენობით გცვივა;

  • თავზე მრგვალი, მკვეთრად შემოსაზღვრული უთმო უბნები გაჩნდა;

  • თავის კანი გაწითლებულია, გექავება, გტკივა ან ძლიერ იქერცლება;

  • ცვენა ავადმყოფობის, ძლიერი სტრესის ან ახალი წამლის მიღების შემდეგ დაიწყო;

  • თმა სწრაფად გითხელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

დერმატოლოგი მიზეზს დაადგენს და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას დაგინიშნავს. თუ უკვე მკურნალობ, მასთანვე შეათანხმე კოფეინის შემცველი მოვლის საშუალებების გამოყენება.

როგორ გამოვიყენოთ კოფეინის შამპუნი სწორად

შამპუნში შემავალი კოფეინი თავის კანს უნდა შეეხოს და მასზე გარკვეული დროით დარჩეს. ამიტომ ყურადღება მიაქციე დაბანის წესსაც. პირველ რიგში, პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით იხელმძღვანელე.

  1. თმა თბილი წყლით დაისველე. ძალიან ცხელი წყალი თავის კანს შეიძლება აშრობდეს და აღიზიანებდეს.

  2. შამპუნი თავის კანზე გაანაწილე და ნაზად ააქაფე.

  3. თითის ბალიშებით, წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიზილე თავის კანი. ფრჩხილებს ნუ გამოიყენებ და ძლიერ ნუ გახეხავ. თუ შეფუთვაზე სხვა დრო არ არის მითითებული, შამპუნი დაახლოებით ორი წუთით გაიჩერე; მთელი ამ დროის განმავლობაში მასაჟი აუცილებელი არ არის.

  4. კარგად ჩამოიბანე.

  5. კონდიციონერი თმის სიგრძეზე, შუა ნაწილიდან ბოლოებამდე წაისვი და გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით გაიჩერე.

  6. მოვლის დასასრულს თმის ზეთის რამდენიმე წვეთი ხელისგულებზე გაანაწილე და მშრალ ან ოდნავ ნოტიო თმაზე გადაისვი.

თავის კანის მასაჟზეც არსებობს საინტერესო მონაცემები. 2016 წლის იაპონურ კვლევაში ცხრა ჯანმრთელი მამაკაცი 24 კვირის განმავლობაში ყოველდღე ოთხწუთიან მასაჟს იტარებდა სპეციალური მოწყობილობით. კვლევის ბოლოს მასაჟის ზონაში თმის ღერის საშუალო სისქე 0.085-დან 0.092 მილიმეტრამდე გაიზარდა. თუმცა მონაწილეებს თმის ცვენა არ აწუხებდათ და კვლევა მცირე იყო. ამიტომ ამ შედეგით ვერ დავასკვნით, რომ შამპუნით დაბანისას ორწუთიანი მასაჟი თმის ცვენას შეამცირებს.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში შევამჩნევ შედეგს?

თმის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების შეფასებას დრო სჭირდება. კვლევებში შედეგებს რამდენიმე თვის შემდეგ ამოწმებდნენ, ამიტომ დაახლოებით სამი თვე პირველი შეფასებისთვის გონივრული ვადაა. თუმცა კოფეინის შამპუნით შესამჩნევი შედეგი ამ დროში გარანტირებული არ არის.

შეიძლება ყოველდღე გამოყენება?

ეს კონკრეტული შამპუნის შემადგენლობაზე, გამოყენების წესსა და შენი თავის კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ პროდუქტი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და კანს არ გიღიზიანებს, ყოველდღე გამოყენებაც შესაძლებელია. მხოლოდ კოფეინის შემცველობით დაბანის სიხშირე არ განისაზღვრება.

ყავის დალევაც იმოქმედებს?

ყავის დალევაზე ვერ გავავრცელებთ იმ შედეგებს, რომლებიც თავის კანზე წასმული კოფეინის კვლევებში მიიღეს. თმის ცვენის შესამცირებლად ყავის სმა დადასტურებული მეთოდი არ არის.

შეუძლია მინოქსიდილის ან ფინასტერიდის ჩანაცვლება?

არა. კოფეინის შამპუნი კოსმეტიკური საშუალებაა და თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატებს ვერ ჩაანაცვლებს. თუ მინოქსიდილს ან ფინასტერიდს იყენებ, კოფეინიანი შამპუნის დამატება დერმატოლოგთან შეათანხმე.

ქალებისთვისაც გამოდგება?

ლაბორატორიულ კვლევებში კოფეინის მოქმედება ქალებისგან აღებულ ფოლიკულებზეც შეისწავლეს და დადებითი შედეგები მიიღეს. თუმცა ეს საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ კოფეინის შამპუნი ქალებში თმის ცვენას მკურნალობს. მიზეზის გასარკვევად დერმატოლოგთან კონსულტაცია სჯობს.

წყაროები

  1. Fischer TW, Hipler UC, Elsner P. Effect of caffeine and testosterone on the proliferation of human hair follicles in vitro. International Journal of Dermatology, 2007.

  2. Otberg N. et al. Follicular penetration of topically applied caffeine via a shampoo formulation. Skin Pharmacology and Physiology, 2007.

  3. Dhurat R. et al. An Open-Label Randomized Multicenter Study Assessing the Noninferiority of a Caffeine-Based Topical Liquid 0.2% versus Minoxidil 5% Solution in Male Androgenetic Alopecia. Skin Pharmacology and Physiology, 2017.

  4. Caffeine as an Active Ingredient in Cosmetic Preparations Against Hair Loss: A Systematic Review of Available Clinical Evidence. Healthcare, 2025.

  5. Caffeine Supplementation and Hair: A Systematic Review. Journal of Drugs in Dermatology, 2025.

  6. Koyama T. et al. Standardized Scalp Massage Results in Increased Hair Thickness. Eplasty, 2016.

  7. Differential effects of caffeine on male and female human hair follicles in vitro (კვლევის შეჯამება მწარმოებლის საიტზე).

შემდეგი · No. 002 · თმის მოვლა

კონდიციონერი მოკლე თმისთვის

წაიკითხე